logo
ENG



"ნინოწმინდის ბავშვებისთვის" - პარლამენტთან აქცია იმართება

13 ივნ 202117:03
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

პარლამენტთან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სახელმწიფოს უმოქმედობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ: 

  • დაუყონებლივ შეუშვან სახალხო დამცველი პანსიონში. ასევე, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები (40 ხელისმომწერი ორგანიზაცია);
  • მოხდეს ყველა ბავშვის გამოყვანა პანსიონიდან;
  • დაიხუროს დიდი ზომის ბავშვთა სახლები და უპირველეს ყოვლისა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლი.

აქციის დაწყებამდე პარლამენტთან მივიდნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წევრები, ისინი კონტრაქციას მართავენ. მათ პოლიციის კორდონი ჰყოფს.

კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე მეორე მხარეს გადავიდა და აქტივისტების ბანერი დააზიანა. პოლიციამ ის ადმინისტრაციული წესით დააკავა.

ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი მართავს და რომელსაც ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, კვლავაც რჩება 23 ბავშვი. 

სახალხო დამცველს კი ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება - ომბუდსმენს პანსიონში მთავარეპისკოპოსი სპირიდონი და საპატრიარქო დისკრიმინაციული მოტივით არ უშვებს. 

სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს. 

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.

ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬


close დახურვა